10 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა მეან-გინეკოლოგ სოფო ანანიკოვთან.
1. რა პრობლემებით მოგმართავენ, ყველაზე ხშირად პაციენტები?
პაციენტთა მომართვიანობის უმეტეს მიზეზს წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის ,ჰორმონალური დარღვევები,გენიტალური სისტემის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები,ასევე ხშირია მომართვიანობა ოჯახის დაგეგმასთან დაკავშირებით ,რაც მოიცავს კონტრაცეფციული მეთოდის შერჩევას,ორსულობისთვის მომზადებას. ასევე ხშირია გეგმიური მომართვები რაც მოიცავს რუტინულ ვიზიტს გინეკოლოგთან, საპროფილაქტიკო შემოწმების მიზნით.
2. რა შეიძლება იყოს მენსტრუალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები?
მენსტრუალური ციკლის დარღვევები მოიცავს სხვადასხვა სახის ნორმიდან გადახრას. კერძოდ მენორაგია-ჭარბი მენსტრუაცია რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს მიომა,ენდომეტრიოზი,საშვილოსნოს ტანის პოლიპები,საშვილოსნოსშიდა საშუალება-ე.წ. სპირალი, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან, ასევე სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევები,ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ა.შ. ამას გარდა არსებობს ოლიგომენორეა ანუ შემცირებულ მენსტრუაცია, პოლიმენორეა- ხშირი მენსტრუაცია და ოპსომენორეა-იშვიათი მენსტრუაცია. მათი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ჰორმონალური დარღვევები.
3. რაზე მიგვანიშნებს თეთრად შლა?
ე.წ. თეთრად შლა ანუ პათოლოგიური ჭარბი გამონადენი საშოდან მიანიშნებს გენიტალური სისტემის ინფექციის არსებობაზე და საჭიროებს პათოლოგიის გამომწვევი აგენტის დროულ დიაგნოსტიკასა და სათანადო მკურნალობას.
4. წვა შარდის დროს, რაზე მიგვანიშნებს ეს სიმპტომი და რა გართულება შეიძლება მოყვეს.
წვა და ტკივილი შარდვის დროს უპირატესად საშარდე სისტემის ინფექციური-ანთებითი დაავადების არსებობაზე მიანიშნებს.ამ პათოლოგიას აქვს შარდის ბუშტიდან აღმავალი გზით ინფექციის გავრცელების უნარი და შესაძლოა გართულდეს თირკმლის ანთებითი დაავადებებით.
5. რა არის პაპ-ტესტი?
პაპ ტესტი არის საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევის სკრინინგული მეთოდი რომელიც საშუალებას გვაძლევს ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებები და საშვილოსნოს ყელის კიბო.
6. რისი დადგენა შეგვიძლია კოლპოსკოპიით?
კოლპოსკოპია გახლავთ საშოს კედლებისა და საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის გამოკვლევა სპეციალური ოპტიკური სისტემის საშუალებით რაც გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე და დავგეგმოთ მისი მკურნალობის გზები.
7. რას გვეტყვით ვაგინიზმზე?
ვაგინიზმი არის პათოლოგიური მდგომარეობა როდესაც აღინიშნება საშოს შესავლის კუნთების უნებილიე რეფლექსური შეკუმშვები რაც შეუძლებელს ხდის სქესობრივ კავშირს.
8. რა ასაკიდან ითვლება ნორმად მენოპაუზა და როგორ განვასხვაოთ კლიმაქსისგან?
მენოპაუზა ანუ კლიმაქტერული პერიოდი ნორმად ითვლება 46 წლიდან 55 წლამდე და იგი წარმოადგენს პროცესს როდესაც ადგილი აქვს ქალის საკვრეცხეების ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას და გაქრობას,რასაც თან ახლავს მთელი რიგი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში. ხშირად მენოპაუზის დროს ადგილი აქვს სხვადასხვა ჩივილების გაჩენას როგორც ნერვული სისტემის,ასევე ვაზომოტორული,გულ-სისხლძარღვთა,სასქესო ორგანოების,საშარდე სისტემის ორგანოების და ა.შ. მხრივ. ეს სიმპტომები ერთიანდება კლიმაქტერული სინდრომის ქვეშ რაც შესაბამის მკურნალობას საჭიროებს.
9.რას გვეტყვით საშვილოსნოს მიომაზე, რამდენად ხშირად გვხვდება პაციენტებში
საშვილოსნოს მიომა საშვილოსნოს ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა რომელის საშვილოსნოს კუნთოვანი შრიდან ვითარდება. იგი იწვევს ისეთ ჩივილებს როგორიცაა გახანგრძლივებული ჭარბი მენსტრუაციები,რომელთაც შესაძლოა ქალებში ანემიაც გამოიწვიონ,ტკივილი და დისკომფორტი მცირე მენჯის არეში,პრობლემები დაკავშირებული შარდვასთან და დეფეკაციასთან,უნაყოფობა,ორსულობის ჩვეული შეწყვეტა,მუცლის ზომაში მატება,მტკივნეული სქესობრივი აქტი და ა.შ. საშვილოსნოს მიომა გვხვდება სხვადასხვა მონაცემებით 30 დან 70 პროცენტამდე - რეპროდუქციული ასაკის ქალების პოპულაციაში.
10. რას გვეტყვით პაპილომა ვირუსზე და რამდენად საშიშია აღნიშნული პრობლემა?
ადამიანის პაპილომავირუსის 200 ზე მეტი ტიპი არსებობს და აქედან 30 ზე მეტი ტიპს გააჩია ტროპიზმი სასქესოს სისტემის მიმართ. არსებობს მაღალი ონკოგენობის და დაბალი ონკოგენობის ტიპები.მაღალი ონკოგენობის ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის,საშოს,ვულვის კიბოს ქალებში და სწორი ნაწლავის კიბოს ორივე სქესში. დაბალი ონკოგენობის ტიპები იწვევენ საშვილოსნოს ყელის მსუბუქ დისპლაზიას და ანოგენიტალურ მეჭეჭებს. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე პათოლოგიების დროული აღმოჩენისათვის აუცილებელია წელიწადში ერთხელ რუტინულად პაპ ტესტისა და კოლპოსკოპიის ჩატარება.